03 ივნისი, 2018
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმირების პრინციპებზე იმსჯელეს.
„როგორც ორი დღის წინ მოგახსენეთ, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდება. ხვალიდანვე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეჯერდება პოზიციები, ხოლო კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, რამდენიმე დღეში უკვე კომისიის პირველი სხდომა გაიმართება. ასე რომ, ეს პროცესი დაიწყო“ - განაცხადა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი თქმით , შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად იგი შეხვდა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას. „მან მოგვაწოდა ის კითხვები, რომლებიც კონკრეტულად სარალიძისა და დადუნაშვილის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო დაკითხვების პროცედურები კონკრეტულად დანაშაულის შეუტყობინებლობისა და მოწმეებზე ზეწოლის მიმართულებით. ასე, რომ ეს პროცესიც დაწყებულია” - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება მთავარი პროკურორის კანდიდატურას, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კანდიდატურაზე მსჯელობას ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით დაიწყებს. „როგორც საზოგადოებას შევპირდით, ეს კონსულტაციები იქნება მაქსიმალურად ფართო. ჩვენი მიზანია, მთავარი პროკურორის კანდიდატურას, რომელიც იქნება შერჩეული, ჰქონდეს მაქსიმალური ლეგიტიმაცია საზოგადოების მხრიდან. დღეს შევჯერდით მხოლოდ პრინციპებზე. კონკრეტულ კანდიდატურებზე პოლიტსაბჭოზე ჯერ არ გვიმსჯელია. ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც მთავრობის მიერ დამტკიცებული კონკრეტული კანდიდატურა პარლამენტს გაეგზავნება. რაც შეხება ამ პროცესებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უსამართლობის განცდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ხელისუფლება, რომლისთვისაც ეს არის სერიოზული გამოწვევა და ასეთ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაშია, პასუხის გაცემისთვის არის ის ფორმატები, რომლებზეც ახლა მოგახსენეთ. ასეთ ფორმატებში უნდა გაეცეს პასუხი ყველა კითხვას და აუცილებლად გაეცემა. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულად რადიკალიზებულ ჯგუფებს უნდათ, არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და აყენებენ აბსოლუტურად არამართლზომიერ პოლიტიკურ მოთხოვნებს, ჩვენ არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ. ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე მაქსიმალურად გაეცეს პასუხი, მაგრამ ჩვენ ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხდომაზე საუბარი შეეხო უმრავლესობის მხრიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა სავარაუდო შემადგენლობას. „ჩვენ ვისაუბრეთ კომისიის ფორმირების პრინციპებზე. მათ შორის ჩვენი მხრიდან სავარაუდო შემადგენლობაზე, რომელიც იქნება წარმოდგენილი კომისიაში. კომისიის შემადგენლობა საბოლოოდ მას შემდეგ ჩამოყალიბდება, რაც გავივლით კონსულტაციებს ოპოზიციასთან. სავარაუდოდ, მომავალ კვირაში ჩვენ დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა და კომისიის შემადგენლობა სხდომაზე ჩამოყალიბდება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ პარტიას ხუთი მდივანი ეყოლება. გენერალური მდივნის თანამდებობაზე კვლავ რჩება კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე - ირაკლი კობახიძე, ხოლო პოლიტიკური მდივანი კვლავ გიორგი ვოლსკი იქნება. დამატებით შემოღებულია ორი ახალი მდივნის თანამდებობა. კერძოდ, საერთაშორისო მდივნის პოზიციას დაიკავებს თამარ ჩუგოშვილი, რეგიონული მდივნის პოზიციას კი - დიმიტრი სამხარაძე.